აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე მუშაობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე მუშაობს. ამის შესახებ კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშ ჰაკმა განაცხადა. მისივე თქმით, განიხილება საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური თანამშრომლობის შეწყვეტაც.
“6 ივნისს, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების, პარლამენტარების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების წინააღმდეგ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილეობისთვის. ეს ნაბიჯები ჩვენს წინა ქმედებებზეა დაფუძნებული, მათ შორის ასეთია სავიზო შეზღუდვების დაწესება კორუმპირებულ მოსამართლეებზე და ფინანსური სანქციები FSB-სთან დაკავშირებულ ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უწყებათშორის კოლეგებთან დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის დახმარების პროგრამების გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკური თანამშრომლობის შეწყვეტაზე. თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა საქართველოში სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი დროით გადადების შესახებ”, – განაცხადა ჯოშ ჰაკმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობის ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და ქვეყანას დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დააბრუნებენ.
“ჩვენ ნათლად განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მათ მიერ დემოკრატიული პრინციპებისთვის ერთგულების წარმოჩენის საუკეთესო გზა არის უცხოური გავლენის კანონის გაწვევა, სხვა არადემოკრატიული კანონმდებლობის ქმედების შეჩერება, და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და წინასაარჩევნო პერიოდის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება. ასევე ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ აშშ-ისა და ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.
ცნობისთვის, აღნიშნულის შესახებ ბოლო პერიოდში აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება. საქართველოს ხელისუფლების მიერ “რუსული კანონის” მიღებს შემდეგ, აშშ-ში ამბობენ, რომ არ გამორიცხავენ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების და კავშირების გადახედვას.