რომელი მარკეტები გახდებიან „სურსათის ბანკის“ შემომწირველები
სურსათის ბანკში ჩართვის ინტერესი ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე მოქმედმა რამდენიმე სუპერმარკეტმა უკვე გამოთქვა. საუბარია, „გუდვილზე“, „აგროჰაბზე“, „სპარზე“ „კარფურსა“ და „გვირილაზე“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პროექტის მენეჯერმა, სოფიო თვარაძემ განაცხადა.
როგორც თვარაძე აღნიშნავს, სურსათის ბანკის პროექტში ჩართვისთვის დისტრიბუტორებთანაც მიმდინარეობს მუშაობა.
„ჯერჯერობით ესენი არიან მზად, ითანამშრომლონ ჩვენთან და შემოგვწირონ სურსათი. გვინდა დავიწყოთ დისტრიბუტორებთანაც მუშაობა, რადგან მათ შემოაქვთ პროდუქცია მარკეტებში და ვადას რომ უახლოვდება და გასატანია, ისევ მათი პასუხისმგებლობაა. უდიდესი ნაწილი პროდუქციის მათ მიერ არის შეტანილი სუპერმარკეტებში და მცირე წილია ის, რასაც მარკეტები უკეთებენ იმპორტს. თანამშრომლობაზე მოდიან სუპერმარკეტები, მაგრამ დისტრიბუტორებთანაც გვინდა საქმიანი ურთიერთობა და კოორდინაცია“, – განაცხადა სოფიო თვარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. აღნიშნული ბანკი პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში იქმნება.
პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას.