სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.4%);
დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (11.8%) და სასმელები (9.1%);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.9 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2024 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.9%), რამაც 1.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე 1.9%-ით და ძირითად ლითონებზე 3.6%-ით გარდა ამისა, ფასების 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.