გიორგი ქოჩორაშვილი – კიდევ შევხვდებით
ფეხბურთის ეროვნული გუნდის წევრი გიორგი ქოჩორაშვილი გურჯაანში, ,,ახტალის პარკში”, გულშემატკივრებს შეხვდა.
ფეხბურთელთან შესახვედრად პარკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გულშემატკივრებთან შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილმა თავად დაგეგმა.
გიორგიმ საკუთარ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს პოსტი მიუძღვნა:
,,კახეთში, ჩემს მშობლიურ გურჯაანში შევხვდი გულშემატკივრებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მათთან შეხვედრამ დიდი სიხარული მომანიჭა. განსაკუთრებით, ბავშვების სიმრავლემ გამაბედნიერა, რადგან ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობას ფეხბურთი პატარა ასაკიდანვე უყვარდება, მათი გმირები კი არა ევროპული გუნდების ვარსკვლავები, არამედ ქართველი ფეხბურთელები არიან.
ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ფეხბურთელები არ ვართ და ამ ბავშვებთან, რომლებიც მთელი გულითა და ყურადღებით გვისმენენ, გვიყურებენ და თვალებში შემოგვციცინებენ, განსაკუთრებულად მოქცევა გვმართებს. ისინი ცდილობენ ჩვენგან ისწავლონ, მოგვბაძონ და მათთვის სამაგალითოები უნდა ვიყოთ. საოცრად დავიმუხტე, როგორც მიღებული, ასევე გაცემული სიყვარულით. ყველას მადლობას გიხდით თქვენი ემოციების გაზიარებისთვის! კიდევ შევხვდებით”!
გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ის ასევე „ლევანტეს“ ფეხბურთელია. მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. „ლევანტე“ ესპანური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ვალენსიიდან. დაარსდა 1909 წლის 9 სექტემბერს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სიუდად დე ვალენსიაზე, რომელიც 25 453 მაყურებელს იტევს.
2016–2017 წლებში, ის თამაშობდა საქართველო U19 წლამდელთა ნაკრებში, 2019 წლიდან კი საქართველო U21 წლამდელთა ნაკრებში. ამ დროისთვის მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.