პრეზიდენტმა “რუსული კანონი” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
საქართველოს პრეზიდენტმა „რუსული კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი პრეზიდენტის სარჩელით, სალომე ზურაბიშვილი კანონის შეჩერებასა და გაუქმებას ითხოვს.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს ეხება. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, – განაცხადა მსხილაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოს დღეს წარედგინება.
საქართველოს მთავრობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი , 2023 წლის მარტში უკან გაწვევის შემდეგ, შეცვლილი სახით მოაბრუნა. მოსახლეობის მასობრივი პროტესტის, ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა კანონი სამი მოსმენით 14 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო. კანონმდებლებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 28 მაისის პლენარულ სესიაზე არ გაითვალისწინეს და ვეტო დაძლიეს, რის შემდეგაც კანონი საბოლოოდ მიიღეს.