ახალი ამბები

15 ივლისიდან 4 აგვისტომდე გომბორის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.

მეორე წელია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი ჯამში ითვალისწინებს 35 მეწყრულ უბანზე პრევენციული სამუშაოების ჩატარებას.

,,გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთი უმოკლეს გზას წარმოადგენს ახმეტის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტის მიმართულებით. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, სრულად აღიჭურვება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება”,- აცხადებენ საავტომობილი გზების დეპარტამენტში.