სალომე ზურაბიშვილი – დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა
დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა – ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ის, რაც ხდება ნატო-ს სამიტზე და რა განცხადებებიც კეთდება, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.
„დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა. ხელისუფლებამ ეს გზა გაგვიყინა. ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას; ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე კი, მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატო-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო – 100 დღე. ეს დრო ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.