რა შემთხვევაში შეძლებთ დამტკიცებულ კრედიტზე უარის თქმას
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ახალ ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, საუბარია, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ურთერთობების დარეგულირებაზე. მათ შორის, საფინანსო პროფუქტზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობებზე.
ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.
ამასთან, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, მათ შორის, მომხმარებელთან გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც პროდუქტის მიღებასთან, სარგებლობასთან ან/და სარგებლობის დასრულებასთან დაკავშირებით მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
ამასთან, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისას/საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ზეპირსიტყვიერად გაცნობის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პროდუქტის შეთავაზება ხორციელდება ისეთი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციას და აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიწოდებულია სხვა გზით (მათ შორის, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით),“- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის შესათავაზებლად დისტანციური კომუნიკაციის საშუალებად გამოყენებულია სატელეფონო ზარი, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს საუბრის დასაწყისში ცხადად და გასაგებად გააცნოს ფინანსური ორგანიზაციის დასახელება და სატელეფონო ზარის მიზანი. მომხმარებლის მხრიდან საუბრის გაგრძელებაზე მკაფიო თანხმობის მიღების შემდეგ ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს საკუთარი ვინაობა და თავისი კავშირი ფინანსურ ორგანიზაციასთან.
„თუმცა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე დისტანციური ხელშეკრულების დადების, ან თუ ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულების მომხმარებლისთვის მიწოდება ხდება ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამ ხელშეკრულების მიღების დღიდან, 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება:
ა) საფინანსო პროდუქტზე, რომლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებებზე, რაც ფინანსური ორგანიზაციების კონტროლს არ ექვემდებარება და რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების ვადის განმავლობაში. ასეთი საფინანსო პროდუქტები მოიცავს ან/და დაკავშირებულია:
ა.ა) ვალუტის გაცვლასთან;
ა.ბ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან;
ა.გ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებთან;
ა.დ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებებთან;
ა.ე) ფიუჩერსებთან, მათ შორის, ისეთ ეკვივალენტურ ინსტრუმენტებთან, რომელთა ანგარიშსწორება ხდება ნაღდი სახით;
ა.ვ) საპროცენტო განაკვეთის ფორვარდთან (FRAs);
ა.ზ) საპროცენტო განაკვეთის, ვალუტის და კაპიტალის სვოპებთან;
ა.თ) ამ ქვეპუნქტში მოცემული ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენის ან გასხვისების ოფციებთან, მათ შორის, ისეთ ეკვივალენტურ ინსტრუმენტებთან, რომელთა ანგარიშსწორება ხდება ნაღდი სახით. ასევე, ვალუტის და საპროცენტო განაკვეთის ოფციებთან;
ა.ი) დოკუმენტალურ ოპერაციებთან (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა);
ა.კ) ესქრო ანგარიშთან;
ა.ლ) ფაქტორინგულ ოპერაციებთან.
ბ) ხელშეკრულებებზე, რომლებიც მომხმარებლის აშკარა და ცალსახა მოთხოვნის საფუძველზე სრულად შესრულდა ორივე მხარის მიერ, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენებამდე;
გ) სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, მან ფინანსურ ორგანიზაციას, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის ამოწურვამდე, უნდა გაუგზავნოს შეტყობინება.
თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების შემთხვევაში, მას შეიძლება დაეკისროს ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად, ფინანსური ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და პერიოდის პროპორციულად. ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს მომხმარებელს დააკისროს ფინანსური ორგანიზაციის მიერ მესამე პირისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება,“- ნათქვამია დოკუმენტში.