მირზაანის ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარი ანზორ მაძღარაშვილი გარდაიცვალა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარი ანზორ მაძღარაშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინტრო ავრცელებს.
ანზორ მაძღარაშვილი 1936 წელს სოფელ ზემო მაჩხაანში დაიბადა. სკოლა ქალაქ რუსთავში დაამთავრა. 1962 წელს ჩაირიცხა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1967 წელს დაამთავრა.
,,1969 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა ფიროსმანის სახლ-მუზეუმს და 48 წელი – მას, მთელი ცხოვრება კი ფიროსმანის შემოქმედების კვლევას მიუძღვნა. იმ დროისთვის მუზეუმში ფიროსმანის მხოლოდ ოთხი ორიგინალი ინახებოდა. ბატონმა ანზორმა კერძო კოლექციონერებისგან შეისყიდა ფიროსმანის 10 ნამუშევარი. ანზორ მაძღარაშვილის ხელმძღვანელობით მუზეუმში შეიქმნა ეთნოგრაფიული განყოფილება, რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანისეულ სახლს და აშენდა ფიროსმანის მუზეუმის ახალი საგამოფენო დარბაზი არქიტექტორ გურამ ბაქრაძის პროექტით.
ფიროსმანის შემოქმედების კვლევის პროცესში სწორედ ანზორ მაძღარაშვილმა აღმოაჩინა თბილისში, ფიროსმანის ქ. #29-ში მდებარე კიბის უჯრედი, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა ნიკო ფიროსმანი. მისივე ინიციატივით გაიხსნა იქ მირზაანის მუზეუმის თბილისის ფილიალი. დირექტორი მთელ მსოფლიოში ეძებდა ნიკო ფიროსმანის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და ყველაფერს მუზეუმის ფონდებში აბინავებდა. ბატონი ანზორისა და პოეტ თემურ ჩალაბაშვილის ძალისხმევით მთაწმინდაზე გაიხსნა ნიკო ფიროსმანაშვილის სიმბოლური საფლავი.
88 წლის ანზორ მაძღარაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა”,– აცხადებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.