ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ არჩევნები ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზით ჩატარდება – ახალი მოსაზრება
ვენეციის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ორი ახალი მოსაზრება, რომელიც ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღო. კერძოდ, ერთი ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გენდერული კვოტირების გასაუქმებლად, ხოლო მეორე საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ერთობლივი მოსაზრების გაგრძელებაა.
როგორც საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მოსაზრების გაგრძელებაშია აღნიშნული, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუნდაც ნაწილობრივ. კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. საარჩევნო კომისიაში ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტების ახალი მექანიზმიდან გამომდინარე, ვენეციის კომისია ხედავს რისკს, რომ მმართველ პარტიას მარტო შეუძლია ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა.
ვენეციის კომისია დამატებით შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში იქნა მიღებული ცვლილებები საარჩევნო კანონის ფუნდამენტური ელემენტების შესახებ.
ვენეციის კომისიის თანახმად, შემაშფოთებელია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული და არჩევნები კვლავ ჩატარდება იმ საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, რომელსაც კვლავ აქვს მთელი რიგი ხარვეზები. ვენეციის კომისია იმეორებს თავდაპირველ მოსაზრებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციას, ხშირი და შეზღუდული ცვლილებების ნაცვლად უფრო ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისი იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და მიღებული იქნება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ხანგრძლივი საჯარო კონსულტაციების შედეგად.
ამასთან, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ 2020 წლის ცვლილებები გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, შესაბამისობაში იყო კომისიის წინა რეკომენდაციებთან, თუმცა ახლა გაუქმდა ისე, რომ არ ჩანაცვლებულა ალტერნატიული ზომებით. კომისია რეკომენდაციას უწევს სპეციალური დროებითი ზომების მიღებას პარლამენტში და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად. აქ მოიაზრება გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახალი შემოღება.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია შეშფოთებულია იმის გამო, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე და იმ შეშფოთების გათვალისწინების გარეშე, რაც გამოითქვა საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ვენეციის კომისიის დამატებით შეშფოთებას ცვლილებების მიღების დრო იწვევს, იმ ფონზე რომ ეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში მოხდა.