სახალხო დამცველი აითაჯ შახმაროვას გენდერული ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
14 წლის აითაჯ შახმაროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, არაერთი გამოწვევა რჩება ძალადობის თავიდან აცილების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, შედეგად, კვლავ საგანგაშოა ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების სიმრავლე.
„უთანასწორო გარემო ხელს უშლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარ მონაწილეობას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა გადაწყვეტილების მიღებისა და სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობას და გაძლიერებას.
პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.
ქვეყანაში მოქმედი პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას. კვლავ მაღალია მოსწავლეთა სწავლის მიტოვების, სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ბავშვთა მიმართ ძალადობის დროული გამოვლენის, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირების გაძლიერება.
2023 წელს სახელმწიფოს, თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება”,- აღნიშნა სახალხო დამცველმა.