ახალი ამბები

რთველი 2024-ისთვის საკოორდინაციო შტაბი იქმნება

ღვინის ეროვნულ სააგენტოს რთველი 2024-ის წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბის შექმნა დაევალა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

ამასთანავე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს, შსს-სა და მევენახეობის ზონებში სახელმწიფო რწმუნებულებს სააგენტოსთვის შტაბის წევრობის კანდიდატების წარდგენა დაევალათ.

განკარგულებიდან ირკვევა, რომ ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარების პროცესში ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შსს-მ უნდა უზრუნველყოს.

„ღვინის კომპანიები, რომლებსაც განზრახული აქვთ ყურძნის მიღება-გადამუშავება, ვალდებულები არიან ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია რთვლის საკოორდინაციო შტაბში“, – ვკითხულობთ განკარგულებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და საჭიროების შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტებისგან საკრედიტო რესურსების მოძიების ვალდებულება ექნება.

რაც შეეხება სუბსიდირებას, 2024 წლის ბიუჯეტში რთველის სუბსიდირებისთვის შესაბამისი თანხები გამოყოფილი არ არის. ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა წელს რთველის სუბსიდირება.