ახალი ამბები

ევროკავშირი „რუსული კანონის“ მიღებასთან დაკავშირებულ საპასუხო ზომებზე მომავალ კვირაში იმსჯელებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი „რუსული კანონის“ მიღებასთან დაკავშირებულ საპასუხო ზომებზე მომავალ კვირაში იმსჯელებს.

ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემუშავდა და წევრ ქვეყნებს გადაეგზავნა სხვადასხვა ვარიანტები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი უმაღლეს დონეზე მოხდება.

„ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება. ყველა ზომა განიხილება. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს, ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, 27 ივნისს უნდა იქნეს მიღებული, რომელიც უმაღლესი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, რომ ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. გული მწყდება იმის დანახვაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, გაყინულია და ამავდროულად, წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“, – თქვა ჰერჩინსკიმ.

ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის.