საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
„2024 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2024 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.
2024 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.