ახალი ამბები

სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ აქცია გამართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

,,ბოლო სამი თვეა სასმელი და სარწყავი წყალი არ გვაქვს. არ ვიცით, დასალევად რა გამოვიყენოთ. სარწყავი წყლის არარსებობის გამო კი, სათბურებში დარგული ბოსტნეულის ნერგები გვიხმება”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ, იზა მაჭარაშვილმა.

აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, პრობლემა ამინდის გამო შექმნილმა დებეტის სიმცირემ გამოიწვია.

,,ერთ კვირაში წყალმომარაგების კომპანია ჭაბურღილების გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებს, თუმცა როდის დასრულდება კონკრეტული სამუშაოები და როდის მიიღებს მოსახლეობა წყალს ჯერ კონკრეტულ დროს ვერ დავასახელებ”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ადგილობრივები მასობრივ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.