რას აკეთებს ევროკავშირი კახეთში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა. დაფინანსება შეეხო სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ტურიზმს, გარემოს დაცვას, პროფესიულ განათლებას, დასაქმებასა და რეგიონულ ინფრასტრუქტურას.
2020–2022 წლებში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა PIRDP საქართველოს ოთხ რეგიონს, მათ შორის კახეთს მოიცავდა. პროგრამის ფარგლებში რეგიონში ფინანსდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების ინიციატივები.
კახეთში განხორციელებულ პროექტებს შორის იყო ხორნაბუჯის ციხესთან მისასვლელი გზისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის, თელავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, გურჯაანის ტექნოპარკის, ყვარელში ილია ჭავჭავაძის მუზეუმისა და ზინობიანის ეთნოსოფლის, ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმისა და ჯიმი მაისურაძის პარკის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები.
ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონში შეიქმნა და გაფართოვდა მცირე საწარმოები და ტურისტული ობიექტები, ფერმერებმა მიიღეს თანამედროვე ტექნიკა და ახალი ცოდნა, დაფინანსდა ადგილობრივი განვითარების ინიციატივები, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტები.
„კახეთის ხმა“ წლების განმავლობაში აშუქებდა ამ პროექტებსა და მათ ბენეფიციარებს. ახლა, ასოცირების შეთანხმებიდან 12 წლის შემდეგ, ვუბრუნდებით ამ ისტორიებს და ვარკვევთ — რა შეიცვალა ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში, რომელი პროექტები აგრძელებს მუშაობას და რა შედეგი დარჩა ადგილობრივ მოსახლეობას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აქტიური ეტაპი 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო. მომდევნო წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა ხმარდებოდა ეკონომიკურ და რეგიონულ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, მმართველობას, ადამიანის უფლებებს, გარემოს დაცვასა და ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერებას.
2014–2023 წლები საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისა და ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ხოლო 2024 წლიდან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. თუმცა 2024 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კურსი, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევდა. იმავე წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებდა.
2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ფორმალურად კვლავ აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუმცა გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. ევროკომისიამ 2025 წლის გაფართოების პაკეტში საქართველო შეაფასა როგორც „კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელწოდებით“ და ხელისუფლებას მოუწოდა, შეცვალოს არსებული კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
ევროკავშირის მონაცემებით, ის წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი იყო და ქვეყანას რეფორმების მხარდასაჭერად ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებს გამოუყოფდა. 2024 წელს კი ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 121.3 მილიონი ევროს პირდაპირი ფინანსური დახმარება შეაჩერა. ამასთან, ევროკავშირი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას.
შეზღუდვები შეეხო სავიზო რეჟიმსაც: 2025–2026 წლებში ცვლილებები შეეხო დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტებით სარგებლობენ, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ამ ეტაპზე კვლავ მოქმედებს.
როგორი იყო საქართველოს 12-წლიანი გზა ევროკავშირთან დაახლოებიდან დღევანდელ მდგომარეობამდე:
2014 — ასოცირების შეთანხმება → 2016 — ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის სრულად ამოქმედება → 2017 — უვიზო მიმოსვლა → 2022 — ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი → 2023 — კანდიდატის სტატუსი → 2024 — გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება → 2025–2026 — ურთიერთობების შემდგომი გაუარესება და საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერება, მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაგრძელების ფონზე.
გაეცანით „კახეთის ხმის“ მიერ მომზადებულ ვიზუალიზაციას, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და შედეგებზე გვიყვება.


