ახალი ამბები

სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად პანელების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტორის, თამაზ კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე სადგურის ასაშენებლად საჭირო მზის პანელების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
სოფელ უდაბნოში სადგურის მშენებლობისთვის ამჟამად ვარჩევთ პანელებს. გარდა ამისა, ასევე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უნდა შვეხვდეთ, დავილაპარაკოთ და გავარკვიოთ, რა შეღავათები ექნება მზის ელექტროენერგიას და როგორც უკვე ისაუბრეს, რაღაც შეღავათი უნდა გვქონდეს და შემდეგ აშენებას დავიწყებთ. ერთი თვის განმავლობაში ჩვენს შორის შეთანხმება თუ მოხდა, ალბათ, დეკემბრისთვის სადგურს ექსპლოატაციაში გავუშვებთ”, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ უდაბნოში დაგეგმილი მზის სადგურის სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონ 500 000 დოლარია. გასული წლის ივლისში, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯიამ” გაიმარჯვა.
ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი შპს “საქართველოს მზის კომპანიის” 90%–იან წილი გადასცა.