ისტორიული გალავნის უნებართვო რეაბილიტაციისთვის სიღნაღის მერია უდანაშაულოდ ცნეს
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ისტორიულ გალავანზე თვითნებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მერია უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლე პაატა ნოზაძემ ჯარიმის სახით 12 000 ლარის გადახდა მხოლოდ კომპანია “ინსტალ+”-ს დააკისრა, რომელიც გალავნის თაღზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უნებართვოდ ახორციელებდა.
10 ოქტომბერს მოქალაქე მარიამ ყიასაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, სადაც კრემისფრად შეღებილი ისტორიული გალავანი ჩანს. მე-18 საუკუნის გალავანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სათემო ცენტრ ,,ნუკრიანის” დირექტორის, მაია ბიძინაშვილის თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება დაუშვებელი იყო, რადგან ისტორიული ძეგლი დაზიანდა.
,,როდესაც თითოეულ ქვას და აგურს აქვს მნიშვნელობა ჩვენი ისტორიისთვის, სიძველე უნდა იყოს შენარჩუნებული. ამ სამუშაოებით ქალაქის იერსახე დამახინჯდა და ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა ეკარგება”, – განუცხადა Knews.ge-ს ბიძინაშვილმა.