ახალი ამბები

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თელავში აქცია გამართა

,,სარდაფის ხელისუფლება”, ,,არა მწამებელთა ბრიგადებს”, ,,კრიმინალები მოშორდნენ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეებს”- ამ ლოზუნგებით და მოთხოვნებით პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თელავში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მხარდამჭერებთან ერთად გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრიბნენ რუსთავი 2-ის ეთერით გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, ფიგურირებს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნი, მირზა სუბელიანი.

პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის კრიმინალური დაჯგუფება.
,,გუბერნიის შენობა არ არის თვითმმართველობის, ის არის ერთ-ერთი დაჯგუფების ბანაკი, რომელიც ქვეყანას დღეს მართავს. მე მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, გამოვიდნენ და არ მიიღონ მონაწილეობა ამ საქმეებში. აქციაზე არიან კახელები, რომლებმაც ამ მთავრობას განაჩენი უკვე გამოუტანეს. დღეს ქვეყანას მართავს კრიმინალების ბანდა და ეს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება გუშინ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ – ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს, მთავრობა ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ამბობს, რომ დაადგენენ გავრცელებული მასალის ავთენტურობას. აქამდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და შედეგი არ დამდგარა. სწორედ ეს გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს მასალები არის ავთენტური”- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.
ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.
პროკურატურის ინფორმაციით კი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც.
პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ჩანაწერი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით გაკეთდა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი