ახალი ამბები

ყვარლის მერიამ ოთხ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას. უწყების ინფორმაციით, კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის პოზიციის გარდა, ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე აუცილებელია უმაღლესი განათლება.
მერიაში ვაკანტურია კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროსი სპეციალისტის, კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები. კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის თანამდებიბის დაკავების მსურველს არ მოეთხოვება სამუშაო გამოცდილება. კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროს სპეციალისტს შესაბამისი მიმართულებით უნდა ჰქონდეს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო დანარჩენ 2 პოზიციაზე სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება”, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 27 სექტემბრამდე შეეძლებათ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.