ახალი ამბები

არბოშიკელი მჭედელი ხმლების და ჯაჭვის პერანგების დამზადებას ახალგაზრდებს შეასწავლის

მჭედელს ამ ეტაპზე სამი მოსწავლე ჰყავს. როგორც Knews.ge-ს ზაზა ალადაშვილმა განუცხადა, უძველესი ისტორიული ნივთების დამზადების შესწავლა ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება. 
მისი ინფორმაციით, საქართველოში მსგავსი სახეობის ნივთებს რამდენიმე მჭედელი ამზადებს, ამიტომ უძველესი ხელობის გადარჩენისთვის აუცილებელია ამ საქმიანობის ახალგაზრდებისთვის შესაწავლა. იგი ამბობს, რომ მის ნამუშევრებზე მოთხოვნა დიდია. 
,,ეს საქმიანობა 90-იან წლებში დავიწყე და ვამზადებ ყველანაირი სახეობის მეტალის ნივთებს, ქართულ და უცხოურ უძველეს ხმლებს, სხვადასხვა ფორმის ნივთს უძველესი ორნამენტებით. სოფელ არბოშიკში საკუთარ სახლში მაქვს სამჭედლო, თვეში სამ ცალ ხმალს ვამზადებთ, მეტს ვერ ვასწრებთ. ძირითადად კოლექციონერები ყიდულობენ, გვიკვეთავენ ან ადგილზე მოდიან და ყიდულობენ. უცხოელებიც ყიდულობენ ჩემს ხმლებს: არაბები, თურქები, გერმანელები და სხვა. ყველა ორნამენტი, რომელსაც ვაკეთებ, ერთმანეთისგან განსხვავებულია და ძალიან ლამაზი. ხმლის პირის გაკეთებას დიდი დროს სჭირდება, მაგრამ ორნამენტების შესრულებაც დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, ამიტომ ვერ ვაკეთებთ მეტი რაოდენობის ნივთებს. ხმლის პირის გასაკეთებლად დაახლოებით 20 ლითონის ფირფიტა იჭრება, მერე ჩაქუჩით მუშავდება, ცეცხლში იწრთობა, მერე ისევ ჩაქუჩით იჭედება და გავარვარებული ფოლადი წყალში ივლება. ხმლის პირებსა და დამასკურებს 700 დოლარად ვყიდი, ჯაჭვის პერანგებს 1 500-დან 5 000 ლარამდე. 
ძალიან მიხარია, რომ ის ტრადიციები, რომლებიც ძველად ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, არ დავივიწყეთ და ვაგრძელებთ. იმისთვის, რომ ჩემს შემდეგ ეს ტრადიცია არ დაიკარგოს, ახალგაზრდები ჩავრთე ამ საქმეში. ჩემი შვილის გარდა, მყავს 27 წლამდე ორი ადგილობრივი მოსწავლე, რომლებსაც მეტალის გამოწრთობას, ხმლების, ფარების და სხვა ნივთების გაკეთებას ვასწავლი. მიხარია, რომ მომავალი თაობა გააგრძელებს ჩემს დაწყებულ საქმეს,’’- განუცხადა knews.ge-ს ალადაშვილმა.