ახალი ამბები

თელავში FLEX–ის პროგრამის შესარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს ჩატარდება

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ” FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ და იცხოვრონ ამერიკულ სკოლებსა და ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. 2018-2019 აკადემიური წლისათვის “FLEX” პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 80-მდე ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფინანსდება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. 
“აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და, ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას. 2017 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში”, – განაცხადეს ამერიკის საელჩოში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.americancouncils.ge
შეგახსენებთ, რომ ფლექსის გაცვლითი პროგრამით 2017 წელს კახეთიდან ამერიკაში სასწავლებლად 6 მოსწავლე გაემგზავრა. ქალაქ თელავიდან ოთხი, ახმეტიდან ერთი და ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაც ერთი მოსწავლე.