ახალი ამბები

კახეთში დამონტაჟებული აგრომეტეოსადგური ფერმერებს sms-ებით ინფორმაციას მიაწვდის

გურჯაანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ივანე ბასილაშვილის განცხადებით, დანადგარი ხუთი კილომეტრის რადიუსით, ვენახსა და ხეხილის ბაღებში მოსალოდნელი დაავადებების განვითარების შესახებ ინფორმაციას აფიქსირებს. გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულატიციო ცენტრი კი მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას.

,,დაფარვის ზონა არის ხუთი კილომეტრი, ამ ეტაპზე მოიცავს რამდენიმე სოფელს, ესენია: ჩუმლაყი, ყიტაანი, ახაშენი, ველისციხე, სოფელი გურჯაანის ნაწილი და ქალაქი გურჯაანი. მოსახლეობას გავრცელებული დაავადების შესახებ ასევე მიეწოდება ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების შესახებ. აგრომეტეოსადგურის ამოცანაა, სოფლის მოსახლეობას, ფერმერებს მიაწოდოს ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კულტურებში როდის დგება მავნებლის ან დაავადების გავრცელების საშიშროება. სადგური აგროკლიმატურ პირობებს სწავლობს – ტემპერატურას, ტენიანობას და აწვდის ცენტრს. მოსახლეობას sms-ით გაეგზავნება ვენახში როდის იქნება ჭრაქის საშიშროება, როდის უნდა დაიწყონ წამლობა და სხვა, რაც ძალიან შრომატევადი საქმეა“,- განუცხადა ტელეკომპანია „გურჯაანს“ ივანე ბასილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამი აგრომეტეოსადგურის დამონტაჟება იგეგმება.