ახალი ამბები

გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლს ექსპერტიზა ჩაუტარდება

აღნიშნულ ფაქტს შემთხვევით გადაურჩა ინციდენტის დროს სახლში მყოფი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. დაზარალებული ოჯახის წევრების განცხადებით, სახლში დანგრეულია სამზარეულოსა და სააბაზანოს კედლებიც. მათივე თქმით, ისინი მოსალოდნელი საფრთხის გამო შენობაში ცხოვრებისაგან თავს იკავებენ და ამ ეტაპზე ღამეს ნათესავებთან ათენებენ. 
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ნგრევა ამორტიზირებულმა საყრდენებმა და წყლის მილების არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია. გურჯაანის გამგებლის მოადგილის დიმიტრი კალატოზიშვილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამსახურში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს.
,,შენობის პირველ სართულზე სამზარეულოს და საპირფარეშოს იატაკი, ბეტონის საფარია ჩაქცეული. ჩვენ მივედით და ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ბინას მშენებლობის პერიოდში არ ჰქონდა გათვალისწინებული სარდაფი, მაგრამ პირველი სართულის მეპატრონემ წლების წინ უნებართვოდ და ყველასთან შეუთანხმებლად აწარმოა სარდაფის ამოთხრა. იმის შემდეგ ბეტონის საფარმა გარკვეული პერიოდი იმუშავა, შემდეგ ამ კონსტრუქციამ მიიღო დეფორმაცია და ჩაიშალა. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულის მცხოვრებლის იატაკიც არის მეტნაკლებად საშიშ მდგომარეობაში და ჩავთვალეთ, რომ პირველი და მეორე სართულის მცხოვრებლბისთვის, სახლში ყოფნა საშიშია. ამიტომ ისინი რამდენიმე დღეს ნათესავებთან გაატარებენ. დაგეგმილია, რომ ლევან სამხარაულის ბიურომ ჩაატაროს ექსპერტიზა. სულ მალე დაიდება შესაბამისი დასკვნა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედებები’’,– განუცხადა Knews. ge-ს დიმიტრი კალატოზიშვილმა.