ბლოგები

„ნუკრიანის სახელოსნოები“ – ქალთა გაერთიანება და სოფლის განვითარება

ანა მარგველაშვილის ბლოგი

ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ თემის პრობლემების მოსაგვარებლად დღეს საქართველოს სხვადასხვა სოფელში მოქმედებენ სათემო ორგანიზაციები და  ინტერესთა ჯგუფები. ამ სასოფლო გაერთიანებებზე, მათ საქმიანობასა და მნიშვნელობაზე ბევრის დაწერა შეიძლება და იმედი მაქვს დავწერ კიდეც. ერთ-ერთი ასეთივე ინიციატივაა „ნუკრიანის სახელოსნოები“ –  2007 წელს სახელობო სწავლის იდეის გარშემო გაერთიანებული ქალების ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითონ შეცვალონ უკეთესობისაკენ თავიანთი ცხოვრება და მგონი, გამოუვიდათ კიდეც.

„ნუკრიანის სახელოსნოები“  სოფლის განვითარების გრძელვადიანი  პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იყო. 1999 წელს „კავკასიურმა სახლმა“- მოწოდებით „გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი“-  სოფელში წამოიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა:  უფასო სასწავლო წრეები სოფლის ბავშვებისათვის (უფასო კვებით), სხვადასხვა საქმიანობის (ქარგვის, ქსოვის, სიმღერის, ჟურნალისტური კვლევის, დეკორატიული მებაღეობის, სპორტის და სხვა. ) წახალისება,  სოფლის ზეიმები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო სივრცეების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. საკვირაო სკოლით დაწყებული სამუშაო  მალე სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ საკმაოდ მასშტაბურ პროგრამად იქცა.

2005 წელს,  სოფლის ერთმა  ჯგუფმა დააფუძნა  სათემო ორგანიზაცია  (სათემო კავშირი ნუკრიანი) და გადაწყვიტა სოფლის პრობლემების მოგვარებაში თავად ჩართულიყო, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად გარედან მოსულ დახმარებას დალოდებოდა.

სოფლად მუშაობის ამ საინტერესო პროცესში კარგად გამოჩნდა,  რომ ქალებს ენთუზიაზმი, უამრავი იდეა,  რაღაცის კეთების სურვილი ჰქონდათ და სულ ცოტა  ხელის წაკვრა სჭირდებოდათ.  ადგილობრივ სათემო ორგანიზაციასთან მსჯელობის შედეგად, გადაწყდა: კარგი იქნებოდა სოფლად მაცხოვრებელ ქალებს სახლიდან გამოსვლისა  და რაიმე სასარგებლო ხელსაქმის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, რაც მათ თვითდასაქმებას და ეკონომიკურ გაძლიერებას დაეხმარებოდა.

დაიგეგმა  ტრადიციული ხელსაქმის რამდენიმე კურსი. პირველივე ეტაპზე საკმაო დაინტერესება ჩანდა და „კავკასიური სახლის“ სამუშაო სივრცეში სახელობო სწავლების საინტერესო და მხიარული კურსიც დაიწყო (იდეას გერმანულმა ორგანიზაციებმა (dvv International  და BfdW) დაუჭირეს მხარი).

„ნუკრიანის სახელოსნოები“ ჩემთვის მიზანდასახული ადამიანების სიბეჯითის,  შედეგზე ორიენტირებული, უწყვეტი მუშაობის კარგი მაგალითია: როცა ყველაფერი,  ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო ნაბიჯით დაიწყო, ნაბიჯით, რომლის გარეშეც სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბები არ მოხდებოდა.

პირველ ეტაპზე სოფლის 20-მდე მაცხოვრებელმა ქალმა ხალხური რეწვის, ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკა (ნაბდის თელვა, თექაზე მუშაობა, ქვილთი, ქსოვა და სხვა) შეისწავლა. რამდენიმეთვიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ თბილისში პირველი გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და სოფლის ქალთა ამ წამოწყებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. (სასოფლო ინიციატივებს მართლაც ჭირდებათ მხარდაჭერა და ასეთი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია). პირველი გამოფენის წარმატებამ და მყიდველთა კმაყოფილებამ ნუკრიანელ ქალები ძალიან გაახარა.  გარდა სიხარულისა, გაზარდა მათი მოტივაცია და  თვითრწმენა, რომ  მათ შეუძლიათ იმუშაონ, გამოიმუშაონ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია  და სიხარულით აკეთონ საქმე, რომელიც შეიყვარეს.

ჯგუფი პროგრამის დასრულების შემდეგ აღარ დაიშალა და ჩამოყალიბდა სათემო კავშირ „ნუკრიანთან“ არსებულ ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოდ. დაფუძნებიდან დღემდე  მრავალმა სირთულემ და დაბრკოლებამ იჩინა თავი. თუმცა,  განვითარების სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ქალებმა ნელ-ნელა ყველა სირთულე დაძლიეს. „ნუკრიანის სახელოსნოები“ დღეს სტაბილური სოციალური ბიზნესია, რომელიც, უკვე დიდი ხანია, თავის თავსაც ინახავს და გარკვეულწილად სათემო კავშირსაც ეხმარება ფინანსურად.

დღეს „ნუკრიანის სახელოსნოები“ შემოქმედებით საწარმოს წარმოადგენს. ეს არის სივრცე, რომელიც ინახავს და აგრძელებს ხალხური რეწვის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციას; ქმნის კულტურის ნაწარმსა და დაინტერესებულ პირებს კულტურის სფეროში მომსახურებას სთავაზობს (ხელობის შემსწავლელი კურსები,  გამოფენებისა და მცირე სასოფლო ფესტივალების ჩატარება, ტურისტული ჯგუფების მასპინძლობა, კორპორატიული შეკვეთები და სხვა).

აქ მომუშავე ქალებისათვის „სახელოსნოები“ შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა. სახელოსნოების შემოსავალი, შეიძლება, თბილისის გადასახედიდან დიდად არაფრად მოჩანდეს, მაგრამ ფაქტია, ქალები კმაყოფილები არიან, ნელ-ნელა ცხოვრების პირობებიც გაიუმჯობესეს, საკუთარი ძალებისაც ირწმუნეს. ფინანსურ მხარეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ხშირად სოციალური მხარეა: სახლიდან გამოსვლა, აქტიური ცხოვრების წესი, საინტერესო საქმე, ურთიერთობა, მეგობრობა. ალბათ სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი: გიხაროდეს დილით სახლიდან სამსახურში წასვლა, სადაც შენს თანამოაზრეებთან ერთად, საყვარელ საქმეს აკეთებ და იცი, რომ ეს საქმე გარდა შენი პირადი კეთილდღეობისა, მთლიანად სოფელს ეხმარება განვითარებაში.

თუ მაინც როგორ ეხმარება „ნუკრიანის სახელოსნოები“ სოფელს განვითარებაში, ამაზე შემდეგში მოგიყვებით. მანამდე კი ეს ფილმი ნახეთ:

https://www.youtube.com/watch?v=zkpH0YvmPeQ, თუმცა ამის მერე სახელოსნოებში ბევრი რამე უფრო და უფრო კარგისაკენ შეიცვალა.

ბლოგები მომზადებულია სპეციალურად „კახეთის ხმისათვის“ (C)