ახალი ამბები

არასამთავრობოები კახეთში პარტიებს მოუწოდებენ, სიძულვილის ენა არ გამოიყენონ

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს და ამ კუთხით ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება. მესამე სექტორმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.
როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის რეგიონული კოორდინატორმა, ნანა დევიძემ knews.ge-ს განუცხადა, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლონ, რადგან ეს უზრუნველყოფს წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას. 
,,მე მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლონ წინასაარჩევნო პერიოდში იმიტომ რომ ეს წაადგება ჩვენს ამომრჩეველს. რაც უფრო მეტად კონსტრუქციულები იქნებიან ისინი ერთმანეთის მიმართ და არ იქნება გამოყენებული სიძულვილის სიძულვილის ენა და დაპირისპირება, უფრო მეტად იქნება ჩვენი ამომრჩეველი ინფორმირებული’’, – განუცხადა Knews.ge-ს ნანა დევიძემ.
შეხვედრის ორგანიზატორის, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) კახეთის კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძის თქმით, ნეიტრალური და ღია წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიტიკური პარტიები და მათ შორის ხელისუფლებაც უნდა შეთანხმდნენ საერთო ქცევის წესებზე, რათა ის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
,, მიღებული გამოცდილების ფონზე, მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, რომ პოლიტიკური ძალები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით ქცევის საერთო ნორმებზე შეთანხმდნენ. ეს კი ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდის მშვიდად წარმართვას. ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას პოლიტიკურ პარტიებთან და წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ partiebi.ge-ს ფორმატის ამუშავებას, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის პლატფორმა, სადაც განთავსდება მათი პროგრამები. ამით ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროგრამები და ხედვები შეადაროს და ისე გააკეთოს არჩევანი’’, – განუცხადა Knews.ge-ს  ნიკოლოზ შარვაშიძემ.
შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე, დააყენეს ინიციატივა სააგიტაციო მასალის გაკვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე.