ახალი ამბები

ნარჩენების დახარისხების შესახებ თელავში საინფორმაციო აქცია გაიმართა

გარემოსდაცვითი აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა მოსახლეობას ნარჩენების სეპარაციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. აქცია ქალაქ თელავის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით, პროგრამის ,,ეკო-აგენტები ნარჩენების წიანაღდეგ” ფარგლებში გაიმართა. 
როგორც knews.ge-ს პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ორკოდაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მთავარ მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
,,პროგრამის მიზანი შესრულდა. ჩვენ ვიპოვეთ და გავააქტურეთ მოსწავლეები, რომლებიც უკვე პროექტის დასრულების შემდეგაც აქტიურად გააგრძელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს. ვამაყობთ, რომ ჩვენი პროგრამის მონაწილე მოსწავლეები ასეთ აქტიურ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობასთან, მოსწავლეებთან და ინტენსიურად ატარებენ როგორც ტრეინგებს, ასევე სხავდასხვა ადვოკატირების კამპანიებს’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ორკოდაშვილმა.
გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა ,,ეკო-აგენტები ნარჩენების წინააღმდეგ“ ხორციელდება პროგრამის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს International City/County Management Association(ICMA) CityLinks პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ პარტნიორ CENN-თან ერთად. პროგრამას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. პროექტს მეფე ერეკლეს სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბი ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერები არიან ქალაქ თელავის მერიის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა.