ახალი ამბები

საგარეჯოს გამგებელს ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს

პროექტის „ახალგაზრდები თემის განვითარებისთვის“ ფარგლებში საგარეჯოს 80 მდე ახალგაზრდამ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სპეციალური ტრეინინგ-პროგრამა გაიარა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისათვის კომუნიკაციის,  ლიდერული უნარ-ჩვევების, მოხალისეობისა  და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას. პროექტი ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედია ცენტრი კახეთი“ ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“  დახმარებით განახორციელა, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია მსოფლიო ბანკმა.

ტრეინინგებმა შერეული და  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ხელი შეუწყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციას.

პროექტის დირექტორის მაია მამულაშვილის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა ახალგაზრდების მიერ საგარეჯოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის შეთავაზება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა პირადად მიიღო მონაწილეობა ამ ინიციატივების განხილვაში. საბოლოოდ, შერჩეული და მოწონებული ახალგაზრდული ინიციატივები უახლოეს მომავალში იქნება მხარდაჭერილი.“

განხორციელებულმა პროგრამამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების აქტივობის, მათი უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდას ინტენსიური სასწავლო და მოხალისეობრივი აქტივობებით; სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ინტეგრაციასა და თანამონაწილეობას: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებთან   დიალოგის მხარდაჭერას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საგარეჯოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში;

 

საგარეჯოს გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ინიციატივების განხილვა საჯარო სივრცეში. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და საჭირო ინიციატივები, რომელიც საგარეჯოსთვის არის აქტუალური.

,,შევეცდებით შეძლებისდაგვარად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა მათგანს დავუჭიროთ მხარი. ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული წინადადებების უმეტესობა წელსვე იქნება მხარდაჭერილი, ხოლო რამდენიმე მათგანი კი, მომავალი წლისთვის იქნება გათვალისწინებული.”

ახალგაზრდებმა რამდენიმე  ინიციატივა წარადგინეს: ქალაქ საგარეჯოს ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული სამკითხველოს მოწყობა; სოფელ დუზაგრამაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია და სოფლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფა, ასევე სოფელ დუზაგრამას ცენტრალური ნაწილის ინტერნეტით უზრუნველყოფა და სკოლაში მუსიკის გაკვეთილისა და ინსტრუმენტების დამატება,  ხოლო ქალაქ საგარეჯოში ღია კინო ჩვენებების მოწყობას და გოგონათა სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.

გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები, სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ. „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ მადლობის სიგელები ქალაქ საგარეჯოს N1, N2, N3, N4, წყაროსთავისა და დუზაგრამის საჯარო სკოლის დირექტორებს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის გადაეცათ.  

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებს და მის კოორდინატორს ქეთევან სიბაშვილს.