სტატიები

რა აკავშირებდა სტალინს თელავში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა მოიპოვა ახალი საარქივო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დასტურდება იოსებ ჯუღაშვილის აქტიური კავშირი თელავთან. Knews.ge-მ თენგიზ სიმაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

– საქართველოს ეროვნულ ისტრიულ არქივში თქვენ მოიპოვეთ აქამდე უცნობი დოკუმენტური მასალა, რიმელიც ადასტურებს თელავში მოქმედ ტერორისტულ-რევოლოციურ ორგანიზაციასთან „წითელ რაზმელებთან“ იოსებ ჯუღაშვილის კავშირს. კონკრეტულად ვისთან ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია სტალინს?

– პროვინციებში ტერორისტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების, რევოლუციური აგიტაციის წარმოების მიზნით იოსებ ჯუღაშვილი 1906 წლის იანვარში ჩავიდა ქალაქ თელავში. 1906-1913 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთში აქტიურად მოქმედებდნენ ე.წ. `წითელი რაზმები“, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა რევოლუციური პარტიის მათ შორის, სოციალ-დემოკრატების გავლენის ქვეშ და აქტიურად ეწეოდნენ ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ საქმიანობას. კახეთში მოქმედი ცნობილი ,,წითელრაზმელები“ იყვნენ: ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი, სოლკა ბიწკინაშვილი, აქვსენტი სიდამონიძე, ზალიკო სვიმონიშვილი, გიორგი ბერძენიშვილი („ჟორჟიკა“), გიორგი მახნიაშვილი („უტრუხუნე“), ვანო მაისურაძე („ტურა“), კოტე გურგენიშვილი და სხვები. ახლად მოძიებული საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ სოლკა ბიწკინაშვილი, ზალიკო სვიმონიშვილი, გიორგი ბერძენიშვილი („ჟორჟიკა“),  ვანო მაისურაძე („ტურა“), კოტე გურგენიშვილი იყვნენ რსდმპ (ბოლშევიკები) პარტიის წევრები და მხარდამჭერები. 

– რომელი ისტორიული დოკუმენტებით დასტურდება თელავში სტილინის ტერორისტულ-რევოლუციური საქმიანობა?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში დაცულია ქალაქ თელავის მაცხოვრებლების, ძველი რევოლუციონერების დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები. ისინი ეხება 1906 წლის დასაწყისში ქალაქ თელავში და მის მეზობლად მდებარე სოფლებში იოსებ ჯუღაშვილის ჩასვლას და იქ რევოლუციური საქმიანობის წარმოებას.

ერთ-ერთ დღემდე გამოუქვეყნებელ დოკუმენტში, რომელიც ეკუთვნის თელავის მაზრის სოფელ იყალთოს მცხოვრებ ნიკოლოზ ზაქროს ძე ზამუკაშვილს, აღწერილია იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობა თელავის მაზრის სოფელ ოსიაურში გამართულ მიტინგზე. დოკუმეტში ნათქვამია: „ამხანაგი კობა მიტინგზე შეეხო თვითმპყრობელობის რეპრესია-რეაქციას და შავი რაზმების მოქმედებას. მწვავედ დასვა საკითხი წითელი რაზმების შექმნისა და მათი ხელმძღვანელების გამოყოფის შესახებ. და მართლაც, მიტინგის დამთავრებისთანავე გამოყოფილ იქნენ თელავისა და სიღნაღის მაზრის წითელი რაზმების ხელმძღვანელები“.

სხვა დოკუმენტში, რომლის ავტორებიც არიან ქალაქ თელავის მცხოვრებნი, ნათქვამია: „იოსებ ჯუღაშვილი თელავში 1906 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა და რამდენადაც გვახსოვს ამხანაგი კობა თელავში დარჩა ორ თვეზე მეტ ხანს. იგი უფრო მეტად ღამეებს ათევდა ჩხუბიანაშვილის ქალებთან, ხან კი ამხანაგ ალექსა ყარაულაშვილთან და სხვებთან. ამხანაგი კობა მუდმივად თელავში არ იყო. იგი ხშირად … ხარება ჯიბუტთან, ბიწკინაშვილ სოლიასთან ერთად დადიოდა თელავის მაზრის სხვადასხვა სოფლებში, სადაც იწვევდნენ გლეხთა არალეგალურ კრებებსა და მიტინგებს“ .

ამ დოკუმენტების გარდა, მე მოვიპოვე სხვა უამრავი მასალა, რომელიც ადასტურებს თელავში სტალინის საქმიანობას.

– თელავის გარდა, ჰქონდა თუ არა სტალინს რაიმე სახის კავშირი კახეთის სხვა ქალაქებთან?

შემორჩენილია ,,ცეკასთან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტუტუტის საქართველოს ფილიალის სტალინის ცხოვრების და მოღვაწეობის შემსწავლელი სექტორის“ 1945 წლის თებერვლით დათარიღებული ცხრა გვერდიანი გამოკვლევა სათაურით – ,,ცნობები სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905-1907 წლებში”, რომელიც მთლიანად ეძღვნება იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი)  კახეთში ,,მოღვაწეობას”.

ნაშრომის ავტორებს მითითებული აქვთ კახეთის ის ქალაქები და სოფლები, სადაც სტალინი ჩადიოდა. მითითებულია, რომ თელავში სტალინი სხვადასხვა დროს, მათ შორის 1906 წლის იანვარში, თითქოს ორჯელ ყოფილა. თელავში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ადგილებში – გორიჯვარი, მაწანწარა, მუხიანი, ნადიკვარი და სხვაგან იგი ესწრებოდა კრებებს და მიტინგებს, თვითონაც გამოდიოდა სიტყვით, შედიოდა კამათში მენშევიკებთან, სოციალისტ-ფედერალისტებთან. დასახელებულია თელავის მაცხოვრებელი სხვადასხვა პირები – დათა ბურჭულაძე, სანდრო სუხიტაშვილი, გიორგი და სოსო აივაზაშვილები (აივაზოვი) და სხვები, რომელთა ბინებშიც სტალინს ღამე გაუთევია. იოსებ ჯუღაშვილი სიღნაღის მაზრაშიც ჩასულა და ზოგიერთი ცნობით დასწრებია, ზოგით კი გვერდზე სოფლიდან უდევნებია თვალი სოფელ ველისციხეში გამართული კონფერენციისათვის. დასახელებული ,,ნაშრომის“ ავტორები რატომღაც არ აზუსტებენ, რომ ეს იყო ქართლსა და კახეთში მოქმედი ,,წითელრაზმელების“ კონფერენცია.

ახალი და უახლესი ისტორიის არქივშიც აღმოჩნდა დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები სტალინის შესახებ. თელავის მაცხოვრებლის – გიგა ხელაშვილის შესახებ შექმნილ საქმეში აღმოჩნდა ,,თელავის რაიონის ძველი რევოლუციონერების თათბირის ოქმი” დათარიღებული 1935 წლის 22 სექტემბრით.

კრების ოქმში არის ჩანაწერი რომ, 1906 წლის 7 და 8 იანვარს სტალინი დასწრებია ველისციხეში, თელავში, მუკუზანში, ნაფარეულში და ყვარელში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციებს.

გეგმავთ თუ არა სტალინის ცხოვრების აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ ნაშრომის გამოქვეყნებას?

დასაბეჭდად მზად მაქვს გამოკვლევა სათაურით ,,უცნობი სტალინი“, რომელსაც თანდართული აქვს რამოდენიმე ასეული დოკუმენტის ასლი. შესაბამისი სახსრების მოძიების შემთხვევაში წიგნი გამოიცემა და შეავსებს სტალინის ცხოვრების დღემდე უცნობ ფურცლებს.