ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა თელავში გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა

წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვან და ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი საარქივო მასალები, რომლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
ეს არის გამოფენა, რომელიც თბილისში, ცისფერ გალერეაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვინდა, რომ ამ გამოფენამ იმოგზაუროს საქართველოში რაიონებშიც და ჩვენმა მოზარდებმაც ნახონ, რომ დემოკრატიამ ამ ქვეყანაში არსებობა 1918 წლიდან დაიწყო, შემდეგ დროებით შეჩერდა წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიულ შენებას და ეს სათავეს იღებს არა 90-იან წლებში, არამედ 1918 წლიდან“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: ახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ფართომასშტაბიანი გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი.