ახალი ამბები

საგარეჯოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

18 საათის მონაცემებით, საგარეჯოში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 14 211 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31%-ია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა ბარიხაშვილის განცხადებით, არჩევნები მშივ ვითარებაში მიმდინარეობს და უხეშ დარღვევას ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.
„საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 4 საჩივარი. „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა უბნებზე ძირითადად ტექნიკური ხასიათისა დარღვევები დააფიქსირეს. მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადა knews.ge-ს მანანა ბარიხაშვილმა.
საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება.
2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საგარეჯოს ოლქში სულ 46082 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, საგარეჯოში შუალედურ არჩევნებს 3 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან. საარჩევნო პროცესებს აქტიურად აშუქებს ვებ პორტალი knews.ge, გაზეთი „კახეთის ხმა“ და „მედია ცენტრი კახეთი“. მუშაობს ცხელი ხაზი. ნებისმიერი ტიპის დარღვევევის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 592 096969; 599 694615; ან 593 264533.