ახალი ამბები

ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

აღნიშნულ პროცესს ცესკოს წევრები გიორგი ჭიქაბერიძე და ზურაბ ხრიკაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე და საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია აკვირდებიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სტამბაში „იუსიემ“ სულ 80, 400 ბიულეტენი დაიბეჭდება. მათივე თქმით, საგარეჯოში არჩევნების ჩასატარებლად ბიულეტენები ორი სახის, ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდება.
,,საგარეჯოს ოლქში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ 43, 400 ბიულეტენი დაიბეჭდება, აქედან: 30,150 ქართულ ენაზე, ხოლო 13, 250 -აზერბაიჯანულ ენაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს შუალედური არჩევნებისთსვის, რომელიც ოთხ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, სულ 4950 ბიულეტენი იბეჭდება,”- აცხადებენ ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, №11 საგარეჯოს და №65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.