ახალი ამბები

შსს-ს კახეთის სამმართველოების თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციაში – “გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე”, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ასევე, კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის რეგულარულად აბარებენ სისხლს.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე, საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდულად იმართება და მასში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. შს სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.