ახალი ამბები

ყვარლის გამგეობაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია

ყვარლის გამგეობაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. გამგეობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. გამგეობის შენობასთან იმყოფებიან გამგებელ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები.

ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებითა არის დაკავებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი ამ დროისთვის შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.

“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით). მასთან ერთად ასევე დაკავებულია მისი მომხრე 17 პირი – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე ((საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით). ამ დროისათვის დაკავებულები იმყოფებიან შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს შენობაში”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ყვარლის რაიონული სამმართველოს შენობაში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, რომლის დასრულებისთანავე დაკავებულებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანენ.