1989 წლის 9 აპრილის გმირების ისტორია
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ზუსტად სამი ათეული წლის წინ, 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ამბავს ბევრი ცოცხალი და გარდაცვლილი გმირი ყავს, თუმცა ამჟამად სამი გმირის ისტორიას მოგიყვებით.
60 წლის ზაირა კიკვიძე 9 აპრილის გმირია. თელავში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.
,,მხიარული ქალბატონი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და ხშირად დადიოდა მივლინებებში. არაფრით გაუშვებდა ხელიდან ახალი სპექტაკლის ან ფილმის ნახვის შესაძლებლობას, შემდეგ კი განხილვის დრო დგებოდა.
ზაირა უყვარდათ, რადგან თავად იცოდა განსაკუთრებული სიყვარული. შეეძლო, თერთმეტი წლის განმავლობაში შორიდან ჰყვარებოდა თანაკურსელი, რომელთან ერთადაც შექმნა კიდეც ოჯახი. ზაირა შინაც მეგობრული იყო. მაგალითად, მისმა რძალმა ნანამ სწორედ ზაირას წყალობით აღმოაჩინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და მისივე მხარდაჭერით ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. სიახლეების არ ეშინოდა. ორმოცი წლისამ გადაწყვიტა ცურვა ესწავლა. კიდევ უფრო გვიან გაიჩინა ახალი ჰობი – ქსოვა.
ყველაფერი გამოსდიოდა, აინტერესებდა ფსიქოლოგია. წარმოშობით რაჭველი იყო, თუმცა ბოლო ხანს განსაკუთრებულად შეუყვარდა თელავი. პენსიაზე გასვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად თელავში დასახლებაზე ოცნებობდა. ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ დღეს თელავის ერთი პატარა ქუჩა მის სახელს ატარებს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი დემონსტრაციიდან შინ დაბრუნებულმა თქვა – „იცით? მგონი, მართლა ვთავისუფლდებით”.
9 აპრილის კიდევ ერთი გმირი 35 წლის შალვა ქვასროლიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ცხოვრობდა. შალვას დედა, თამარ ქვასროლიაშვილი იხსენებდა, რომ მისი შვილი მიტინგებზე მუდმივად დადიოდა. 9 აპრილს მან ორსული ქალი სიკვდილს გადაარჩინა და თავად გმირულად გარდაიცვალა.
,,შალვა რუსთაველის გამზირზე გმირულად შეეწირა რუსეთის საოკუპაციო ძალებს. ის მუდმივად მიტინგებზე იყო ნოემბერშიც და აპრილშიც. რომ ჩამოვიდოდა, გული არ უჩერდებოდა და ისევ უკან, თბილისში ბრუნდებოდა. როდესაც რუსეთის ჯარი თავისუფლების მოედანზე შემოვიდა, შალვა ცეკვავდა. მან დაინახა, რომ რუს ჯარისკაცს უნდა მოეკლა ორსული ქალი. შალვა ქალს გადაეფარა და ის სიკვდილს გადაარჩინა. ქალმა საკუთარ შვილს შალვა დაარქვა”.
9 აპრილის ყველაზე პატარა გმირი, 19 წლის ეკა ბეჟანიშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანიდან იყო. ის აქციაზე კლასელებთან ერთად დადიოდა.
,,ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ყველაზე პატარა გმირია. ის წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია.
მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მომიტინგე იკრიბებოდა, მათ შორის იყო ეკაც. ის აქციებზე კლასელებთან ერთად დადიოდა და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო. როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა.
8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ. ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო.”
ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა.
ეკა ბეჟანიშვილი დღიურსაც აწარმოებდა, სადაც ერთი ასეთი ფრაზა ეწერა – „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს.