ახმეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქართული ოცნებიდან“ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

ის პანკისის ხეობის სოფელ ხალაწნის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის შვედეთში თავშესაფარს ითხოვს.

როგორც „კახეთის ხმას“ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიი თავმჯდომარემ განუცხადა, მაგდანა ალხანაშვილს 2018 წლის ივნისიდან საკრებულოს სხდომებს აღარ დასწრებია. ლევან ითიურიძე ადასტურებს ალხანაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, თუმცა ვერ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაში იმყოფება ამჟამად სოფელ ხალაწნის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი. 

ალხანაშვილი რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც საუბრობს. რამაზ ბაღაკაშვილისთვის მაგადანა ალხანაშვილის საკრებულოდან წასვლა გაუგებარია. 

ივნისიდან სხდომებს აღარ ესწრებოდა. ბიძას ვესაუბრე და დავაბარე, რომ ჩამოსულიყო მაგდანა და ჩვეულებრივად გაეგრძელებინა საქმიანობა. ჩემთვის მოულოდნელი და გაუგებარია მისი ეს გადაწყვეტილება. ის ისე წავიდა უცხო ქვეყანაში, რომ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს. 6 თვის განმავლობაში აღარ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს და იძულებული გავხდით, რომ უფლებამოსილება შეგვეწყვიტა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შვედეთში თავშესაფარს ითხოვს, ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ იმყოფება საზღვარგარეთ, მაგრამ სად ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია. მაგდანას ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა. არადა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს საკმაოდ კარგი ანაზღაურება, ყოველთვიურად 1000 ლარამდე ხელფასი აქვს“, – განუცხადა „კახეთის ხმას“ რამაზ ბაღაკაშვილმა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაწანში საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. 

მაგდანა ალხანაშვილი „ქართული ოცნებიდან“ 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო და ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნულ ფორუმს“ ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოფელ ხალაწანში მაგდანა ალხანაშვილი მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ის მმართველი პარტიიდან იყრიდა კენჭს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *