თელავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს გაიმართება

დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის მუნუიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საკუთარ მოხსენებებს მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელები წარმოადგენენ. ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტის მიხედით, თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 21 მილიონი ლარით განისაზღვრება. სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი. ინფასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 6 მილიონ ლარამდე, განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 5 მილიონ ლარამდე. სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 789 ათასი ლარის დახარჯვა. კულტურის და სპორტისა განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 4 მილიონ 569 ათასი ლარი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. არჩილ თხლაშიძის აზრით, გარკვეული მიმართულებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი და საჭიროა დაფინანსების გაზრდა.
„ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების თანხა 200 000 ლარი არ არის საკმარისი და საჭიროა მისი 300 000 ლარამდე გაზრდა. ჩემი აზრით, ასევე არასაკმარისია სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის განკუთვნილი 30 000 ლარი და უნდა გაიზარდოს 60 000 ლარით. სოციალურ მიმართულებას უნდა დაემატოს რამდენიმე პროგრამა, რისთვისაც თანხა უნდა გამოიყოს. ეპილეფსიის პროგრამის დაფინანსებაც უნდა გაიზარდოს. მთლიანობაში ბიუჯეტი მორგებულია მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *