ახალი ამბები

თელავის მერობის კანდიდატი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა

ერთმანეთს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძე და ,,ლეიბორისტული პარტიიდან“ თელავის მერობის კანდიდატი დაუპირისპირდნენ. ნიკოლოზ ვარდოშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანდიდატად დარეგისტრირების პროცესის ხელშეშლაში დაადანაშაულა. ვარდოშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი კალმახელიძე მას სათანადო კონსულტაციას არ უწევს და მიზეზად პირად დაპირისპირებას ასახელებს. ვარდოშვილი დღეს მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან ერთად საოლქო კომისიაში მივიდა და პასუხი ოფიციალურად მოითხოვა. 
,,უნდობლობას ვუცხადებ კომისიის თავმჯდომარეს, იმიტომ რომ მას პირადი დაპირისპირება აქვს ჩემთან. როდესაც ის მუშაობდა თელავის საკრებულოს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურში, ევალებოდა სხდომების ვიდეოების გადაღება და საიტზე ატვირთვა, რასაც ვერ აკეთებდა. ამიტომ მე მას ვუთითებდი, რომ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ეს ამბავი აქვს დამახსოვრებული და იყენებს სამსახურებრივად. რამდენჯერმე მივედი საოლქო კომისიაში, მაინტერესებდა გარკვეული საკითხები, იმისთვის რომ კანდიდატად რეგისტრაცია გამევლო, მაგრამ ის კონსულტაციას არ მიწევს. დღეს კი თავისი კაბინეტი დამატოვებინა და პოლიცია გამოიძახა’’, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
თელავის #17 საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატთან პირად დაპურისპირებას გამორიცხავს და ვარდოშვილს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დებს ბრალს.
,,სამჯერ იყო ეს პიროვნება მოსული, მოითხოვდა გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციას. გარკვეული სახის ინფორმაცია გავეცით, მივეცით ასევე რეკომენდაციები. იგი ყოველი მოსვლისას გამოირჩევა აგრესიულობით, მიზანმიმართულად ახდენს ჩემს დისკრედიტაციას. დღეს კი აღნიშნული მოქალაქე შემოსვლსას შეეცადა შანტაჟს იმით, რომ თუ მისი სურვილის მიხედვით არ წარიმართებოდა დიალოგი, ჩაატარებდა ბრიფინგს და მოახდენდა ჩემს დისკრიმინაციას. მასთან არანაირი პირადი წყენა არ მაქვს, იყო რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ ახლა წარმოვადგენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მე ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ვხელმძღვანელობ სამართლებრივი ინსტრუმენტებით. ის ჩვენთან შემოიჭრა, დაარღვია წესრიგი, ხელი შეგვიშალა მუშაობაში და პოლიციაც ამიტომ გამოვიძახე.’’
სამართალდამცავებმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს და რეაგირების ოქმი შეადგინეს.