კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებას გეგმავს

აღნიშნულ თანამდებობაზე მალხაზ ჭრელაშვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. ჭრელაშვილს ეკინომიკის სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. 
1997–2003 წლებში ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, 2009–2010 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (IBRD) კონსულტანტად მუშაობდა, 2010–2011 წლებში იგი მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო, 2011–2012 წლებში ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა.
რა გეგმები აქვს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურს და რა სიახლეების განხორციელებას გეგმავს 2017 წელს კახეთის რეგიონში? knews.ge -მ მალხაზ ჭრელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
–რა კუთხით მუშაობს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური და რა არის მისი მიზანი?
–ჩვენი სამსახურის სტრუქტურა არის რეგიონალური პროექტების კოორდინირება, ეს არის სამსახური, რომელიც როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან განხორციელებულ პროექტებს, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და სხვა ფონდებიდან განხორციელებული პროექტების ანალიზს აკეთებს, უწევს მათ კოორდინირებას, მონიტორინგს და ზედამხედველობას. ჩვენს ორგანიზაციას ეხება როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე სხვადასხვა სამსახურთან, სამინისტროსთან, უწყებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, ხელს შევუწყობთ და ვუწევთ კოორდინირებას რეგიონში ახალი პროექტების დაწყებას, არსებული ინიციატივების განხილვას და სხვა.
–რა სიახლეების განხორციელებას გეგმავთ სამომავლოდ?
–ორი თვეა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე და ძალიან აქტიურ მუშაობას ვგეგმავ. გარდა იმ საკითხებისა, რაზედაც ვისაუბრეთ, ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ წინადადების და იდეის განხილვას, რაც შეიძლება რეგიონში არსებობდეს ბიზნესის კუთხით, როგორც თვითმმართველობებში, ასევე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორში. დიდ ყურადღებას მივაქცევთ მათ მიერ დაყენებული ინიციატივების განხილვას და შემდეგ საინტერესო იდეების განხორციელების გზების ძიებას. ამ კუთხით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან. ჩვენ მათთან ვგეგმავთ ყოველთვიურ შეხვედრებს, სადაც განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს, იმას, თუ რა ინიციატივები აქვთ მათ და შესაძლოა გარკვეული კუთხით მონახოს გადაკვეთის წერტილებიც, რომელიც საინტერესო იქნება ორ მხრივად. ერთ–ერთი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია 31იანვრისთვის. ასეთი საკოორდინაციო საბჭო ყოველი თვის ბოლოს გამართავს შეხვედრას.
–არასამთავრობო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გარდა, კიდევ რა სახის პროექტების ან აქტივობების განხორციელებას გეგმავთ 2017 წელს?
–ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჩართულობით ისეთ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც რეგიონში და, ზოგადად, საქართველოში მუშაობენ, გამოვძებნოთ საერთო ენა. ეს კახეთს მოუტანს გარკვეულ შემოსავალს და ინვესტიციებს. აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ ინვესტორებთან მათი მოზიდვის კუთხით. 2017 წელს რეგიონის მასშტაბით ვგეგმავთ ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებას, სადაც მოწვეულები იქნებიან ინვესტორები, მსხვილი დონორი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, როგორც ასოციაციებიდან ისე მცირე და საშუალო ბიზნესიდან. შევეცდებით, ხელი შევუწყოთ ისეთი მიმართულებების მეტად წარმოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამ კუთხით ინფორმაციული შეხვედრების ჩატარებაც იგეგმება, რომელიც შეეხება კერძოდ ექსპორტის თემებს, თუ როგორ შეიძლება ფერმერებმა და გლეხებმა თავიანთი საქონელი გაიტანონ ექსპორტზე, რა არის ამისთვის საჭირო.

ასევე გვინდა ექსპერტების ჩამოყვანა და უფასო კონსულტაციების გამართვა ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, რომ მათ უკეთ იცოდნენ, როგორ განავითარონ თავიანთი ბიზნესი სწორად. ასევე ვფიქრობთ, ბიზნესმენებისთვის სხვადასხვა ფორმატში ისეთი შეხვედრების ორგანიზებას, რომელიც მათ ინფორმაციას მიაწვდის იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი და ანხორციელებს ეკონომიკური მიმართულებით. ეს შეეხება ისეთ პროგრამებს, რომლებსაც ცენტრალიზებულად სამინისტროები ახორციელებენ და რაზეც მოსახლეობას ძნელად აქვს წვდომა.

შესაბამისად ვფიქრობთ, სამინისტროების წარმომადგენლების ადგილზე ჩამოყვანას და მიმდინარე პროექტების ბიზნეს სექტორისთვის გაცნობას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებას და ჩართულობის მეტად გაზრდას. დიდი გეგმები გვაქვს სამომავლოდ და ვეცდებით, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ მივიყვანოთ ბოლომდე.