ახალი ამბები

თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა

მან თელავის მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა. საკრებულოს დეპუტატი პროტესტის ნიშნად გუბეში ჩადგა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ისე მიმართა.
,,იმ დროს, როდესაც კოალიციის მმართველობის მეოთხე საუკეთესო წელს უნდა ვიდგეთ დემოკრატიის ევერესტზე და როგორც დანაპირები იყო, ვაოცებდეთ ევროპას ჩვენი დემოკრატიით და მიღწევებით, ვდგავართ ამ დაზიანებულ გზაზე. ეს არის თელავის ცენტრში მდებარე ბაგრატიონის ქუჩა, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში. აქ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, თითოეული კანდიდატი და მათ შორის მეც, მოსახლეობას ვპირდებოდით, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გავიდა უკვე რამდენი წელი და ეს პრობლემა არ მოგვარებულა. მე მინდა მივმართო მმართველ კოალიციას საკრებულოში და აღმასრულებელ ხელისუფლებას მერიაში, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს თანხები და შეკეთდეს გზა. ამ საკითხის გადადება მომავლისთვის წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ყოველდღე ადამიანებს აქ უწევთ გავლა. ვენეციას ჰგავს აქაურობა,’’– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა. 
როგორც knews.ge-ს ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, გადაუღებელი წვიმების დროს გადაადგილება შეუძლებელია. 
,,გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია გვაწუხებს. პრობლემა დაამძიმა გადაუღებელმა წვიმებმა. ისეთი ცუდი სიტუაციაა, ვეღარ დავდივართ გზაზე. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქუჩაა და ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ვთხოვთ შესაბამის სამსახურებს მოგვხედონ,’’- აღნიშნა ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებმა იოსებ სანიშვილმა.