ახალი ამბები

ფერმერთა კონგრესს კახელი მეწარმეებიც დაესწრებიან

კონგრესზე მოწვეული არიან ქვეყნის ცხრა რეგიონის ფერმერი დელეგატები, ჯამში კი საქრთველოს მასშტაბით კონგრესს დაესწრება 150-მდე ფერმერი დელეგატი, რომლებიც შეხვდებიან მთავრობის წევრებს და იმსჯელებენ აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. კონგრესის მსვლელობის დროს ტელეხიდის საშუალებით რეგიონებიდან ფერმერებს ეძლევათ საშუალება, რომ მოწვეულ სტუმრებს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.
პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.
სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.
კონგრესს დაესწრებიან ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.
კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება მასზე, თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეების საქმიანობაზე, რა გამოწვევები და პერსეპექტივებია ბაზრებზე მცირე მეურნეების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების რესურსები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის – „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორცილებენ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. 
ფერმერთა მეორე კონგრესი თბილისის საგამოფენო ცენტრში – „ექსპო ჯორჯია“ 12:00 საათზე დაიწყება.