ახალი ამბები

ფერმერები ხელისუფლებას ხორბლის და ქერის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ

კახეთში მცხოვრები ფერმერები ხორბლის და ქერის შარშანდელი მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, რამდენიმე დღეში ახალი მოსავალი უნდა მიიღონ, თუმცა ამ დროისთვის საწყობებში თითოეულს რამდენიმე ათეული ტონა მოსავალი უფუჭდება.

ფერმერები ამბობენ, რომ დაახლოებით 30-40 ათასი ტონა ხორბლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით 300-მდე ფერმერბა თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალზე, აქციაც გამართა. მათ ხელისუფლებას ვადა 10 მაისამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსეს.
როგორც Knews.ge-სთან საუბრისას ფერმერები აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეულის დაბეგვრა. მათი თქმით, საქართველოში მოყვანილი მარცვლეულის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია, ადგილობრივს კონკურენციას უწევს. საქართველოში მოყვანილი მოსავლის ექსპორტზე გატანა კი ვერ ხდება.

”საერთოდ ვეღარ ვყიდით ვერაფერს. რუსეთს აქვს გადასაყრელი და აქ უკონტროლოდ, დაუბეგრავად, ღერღილის სახით შემოდის. ჩვენ ვეღარ ვუწევთ კონკურენციას და აღარ გვყავს მომხმარებელი. ყველა ქვეყანამ ჩაუკეტა მათ ბაზარი, ან დაბეგრა გარკვეული პროცენტებით, საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მათი მარცვლეული არ იბეგრება. საჭიროა, სახელმწიფომ დაბეგროს შემოტანილი მარცვლეული და ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუწყოს”– ამბობენ ფერმერები.

ფერმერების განმარტებით, გასულ წელს მოყვანილი რამდენიმე ასეული ტონა ხორბალი, საწყობებში აქვთ შენახული, რომელიც ფუჭდება და ხარისხს კარგავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დაბა წნორში მცხოვრები ვასიკო ბასილაშვილი აცხადებს, რომ წლებია მარცვლოვანი კულტურები მოყავს. მისი განმარტებით, ამ დროისთვის 500 ტონა მოსავალი აქვს მოყვანილი და დასაწყობებული, რომლის გაყიდვასაც ვერ ახერხებს.

,,მაქვს 500 ტონა ხორბალი მოყვანილი, მიყრია ისე და ვერ ვყიდი. თბილისში, სადაც ადრე იბარებდნენ, 55 თეთრს აღარ იხდიან კილოგრამზე. იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი, უფრო დაბალ ფასად იყიდება. 2022 წლის მოსავალი ვერ გავყიდე და ახალს რომ მივიღებთ, სად უნდა დავასაწყობო არ ვიცი. თუ რამე არ გვეშველა გადასაყრელი გხდება. ვთხოვ ყველას დახმარებას’’,- განაცხადა ვასიკო ბასილაშვილმა.

,,წლებია მომყავს ხორბალი, ასევე მაქვს სასაწყობე მეურნეობა. ახლა მაქვს 600 ტონა ხორბალი, რომელსაც რეალიზაციას ვერ ვუკეთებ. თუ იგივე სიტუაცია იქნება, ხორბლის მოყვანას აზრი აღარ ექნება, ადგილები აბალახდება ისევ ან ინდოელებზე გაიყიდება. სხვებიც ასე მდგომარეობაში არიან’’,– აცხადებს ლაგოდეხში მცხოვრები ფერმერი ზურა ხიზანიშვილი.
მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებ სხვა ფერმერებსაც.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, გაჩერებული წისქვილ კომბინატები ადგილობრივ ნედლეულს ვერ იბარებენ, რაც ფერმერების საქმიანობასაც აფერხებს. მისივე თქმით, პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ ფქვილი რუსეთიდან მოდის და ის ამუშავებს თავის წისქვილ კომბინატებს.

,,მოსავალი ფუჭდება. გაფუჭება ერთია და მეორეა ახალი მოსავალი, რომელსაც ველოდებით. საწყობები თუ არ დაიცალა და არსებული ხორბალი არ გაიყიდა, ახალი მოსავლისთვის საწყობიც არ არსებობს. ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება. არაერთხელ გვითქვამს რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში, ხორბალი კი არ შემოდის, რადგანაც რუსეთს ხორბალზე დაწესებული აქვს მცურავი ბაჟი. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა კი ისევ რუსეთია. შესაბამისად, რადგანაც ფქვილზე არ არსებობს გადასახადი, მისი შემოტანა გაცილებით მომგებიანი და იაფია. გამოსავალი ის არს, რომ ხორბლის ფასის საპირწონედ, ფქვილსაც დაუწესდეს იმ რაოდენობის ბაჟი რა რაოდენობის ბაჟი აქვს დაწესებული ფქვილს და ხორბლის და ფქვილის ფასი გათანაბრდეს“ –აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება ვადაზე ადრე მიიღო. შეზღუდვა ივლისამდე უნდა ყოფილიყო ძალაში. მიზეზი კი ფერმერების პროტესტია, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
„ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს გაიტანა საქართველომ ექსპორტზე ყველაზე მეტი 2.3 მლნ აშშ დოლარის 7 775 ტონა ხორბალი, რომელიც სრულად სომხეთში გაყიდა. 2015 და 2017 წლებში ექსპორტი არ განხორციელებულა, 2016 წელს კი, საქართველომ 70.2 ათასი აშშ დოლარის 74 ტონა ხორბალი აზერბაიჯანში გაყიდა. 2018 წელს 10.1 ათასი აშშ დოლარის 51.5 ტონა პროდუქტი სომხეთში, მინიმალური ოდენობა 0.90 ტონა კი გერმანიაში. 2019 წელს 167.3 ათასი აშშ დოლარის 698 ტონა ადგილობრივი ხორბალი აზერბაიჯანში გაიყიდა. 2020 წელს კი, ექსპორტი ასევე არ განხორციელებულა. რაც შეეხება 2020 წელს, ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. 2021 წელს, აკრძალვის დაწესებამდე კი, საქართველომ 324.9 ათასი აშშ დოლარის 1 316 ტონა ხორბალი სომხეთში გაყიდა, 10.8 ათასი აშშ დოლარის 40 ტონა ხორბალი კი _უკრაინაში.
ცნობისათვის, წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. დანარჩენი ქვეყანას ყაზახეთიდან, უკრაინიდან და, აშშ-დან შემოაქვს,. თუმცა, რუსეთის ზემოთ აღნიშნული რეგულაციის გამო, ხორბლის იმპორტი თითქმის სრულად ჩაანაცვლა ფქვილმა.