ახალი ამბები

2021 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება

2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 305 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, 5746 კი დაშავდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის სამივე კვარტალში მომხდარი საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება, ამასთანავე, ლეტალობა 9,4%-ით შემცირდა, ხოლო სხეულის დაზიანება 15%-ით გაიზარდა.

„2021 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) მოხდა 1573 საგზაო შემთხვევა, დაიღუპა – 116 და დაზიანდა 2151 ადამიანი.

2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) მიმდინარე წლის იგივე პერიოდში საგზაო შემთხვევები გაიზარდა 9.5%-ით, ლეტალობა შემცირდა 13,4%-ით, ხოლო სხეულის დაზიანება გაიზარდა 6,4%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, საგზაო დარღვევების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებით კი იზრდება ისეთი უხეში დარღვევები როგორიცაა – საპირისპირო ზოლში მოძრაობა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და სხვა.

ქულათა სისტემის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მისი ადმინისტრირების სირთულიდან გამომდინარე (საპატრულო პოლიციის მიერ ხდება ქულათა ჩამოკლება) უხეში დარღვევების აღკვეთა ვერ ხერხდება, შესაბამისად, მოქმედების შემდეგ ეტაპზე გადასვლაა საჭირო და ქულების ჩამოკლება უხეში დარღვევებისთვის ჭკვიანმა კამერებმა უნდა გააკონტროლონ.

აღსანიშნავია, რომ სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, ქალაქის გზებზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტები გადასახედია და დასაახლოვებელი ევროპულ სტანდარტებთან“, – ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.