ახალი ამბები

რას ფიქრობენ სპეციალისტები თელავის ისტორიული შვიდი ბორცვის მარშრუტის განვითარების პროექტზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში “ისტორიული 7 ბორცვის” ტურისტული მარშრუტის განვითარება.

საპროექტო არეალი მდებარეობს თელავში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, შუა საუკუნეების ქუჩის ქსელით, ისტორიული ურბანული განვითარებით და უნიკალური ლანდშაფტით. სპეციალისტების განცხადებით, პროექტის განხორციელება უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი სწორი განხორციელების შემთხვევაში ქალაქი არამხოლოდ შეიძენს ახალ ობიექტებს და გაზრდის ტურისტულ ინფრასტრუქურას, გარკვეულ წილად გააქტიურებს სხვასხვა ბიზნეს სეგმენტებსაც.

შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფის წარმომადგენელი ვახტანგ კასრელიშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა ეს მნიშვნელოვანი პროექტია, მაინც საჭიროებს ძალიან გააზრებულ, ხარისხიან საპროექტო გადაწყვეტებს, უსაფრთხოებისა თუ დიზაინის მაღალი სტანდარტის დაცვით. არ აქვს მნიშვნელობა ობიექტია, შენობა, მოედანი, ბილიკი, პარკი, ხიდი, განთება თუ სხვა წვრილმანი კომპონენტი.

,,ისტორიული შვიდი ბორცვის ტურისტული მარშრუტს მე უფრო ისტორიულ-კულტურულ მარშრუტს დავარქმევდი და ეს თავის მხრივ უნიკალურია, მისი როგორც ურბანულ-გეომორფოლოგიური მახასიათებლებით, მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორიებით, არქიტექტურით და მწვანე ლანდშაფტით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მარშრუტი იძლევა საშუალებას უფრო ფართოდ დავინახოთ თუ რა იყო თელავის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიულ კონტექსტში, რისი სწორი ინტერპრეტაციაც მოგვცემს საშუალებას სწორად განვსაზღვროთ მისი მომავალი. თელავი უამრავ მნიშვნელოვან ისტორიას, ადგილობრივ სახასიათო კულტურულ არტიფაქტს, ძეგლსა თუ ჯერ კიდევ გამოუკვლევ არქეოლოგიურ ობიექტს ინახავს. საჭიროა მათი წარმოჩენა, რათა უფრო ფართო აუდიტორიისთვის შევძლოთ მეტის მოყოლა ამ მართლაც გამორჩეულ ქალაქზე. სრული დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია მე პირადად არ მინახავს, ამიტომ შეფასება გამიჭირდება.

ვნახე ის რაც სოციალურ ქსელში დაიდო. იქ მხოლოდ რენდერია, რომლიდანაც რამდენიმე ობიექტი ჩემი აზრით უსახურად, თელავის ისტორიულ ნაწილთან მიმართებაში შეუსაბამოდ გამოიყურება. რა თქმა უნდა რენდერი პროექტი არაა, ამიტომ აუცილებელია მეტი ინფორმაციის გაზიარება, პროექტის უფრო დეტალური გაშუქება, ზოგადად საჭიროა მეტი გახსნილობა და კომუნიკაცია მოსახლეობასთან. რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდს და ტენდერს, აქ საქმე სხვაგვარადაა უფრო ფართო პრობლემებს ვაწყდებით. ის ფაქტი რომ, არქიტექტურული, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვილი ურბანული პროექტები ტენდერის სახით ცხადდება, უკვე არასწორია. ამის შესახებ დისკუსია დარგის სპეციალისტებსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შორის დიდი ხანია გრძელდება, მეც ვიზიარებ იმ კოლეგების აზრს ვინც ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით კონკურსები უნდა ცხადდებოდეს და არა ტენდერები. რაც ასვე მნიშვნელოვანია, საკონკურსო პირობები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მხოლოდ მსხვილმა საპროექტო კომპანიებმა ვერ შეძლონ მონაწილეობის მიღება, საშუალო და პატარა საპროექტოების ჩართვა კონკურსებში გაზრდის საპროექტო გადაწყვეტების ხარისხსაც და პოზიტიურ როლს ითამაშებს ზოგადად დარგის განვითარებაზეც”,- განუცხადა Knews.ge-ს ვახტანგ კასრელიშვილმა.

მისი განმარტებით, საპროექტო ჯგუფი მისი მონაწილეობით 2017-2018 წლებში თელავის გენ-გეგმაზე და ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალურ გეგმაზე მუშაობდა, რა დროსაც ისტორიული 7 ბორცვის, როგორც თელავის მნიშვნელოვანი ისტორიულ კულტურული მარშუტის განვითარების კონცეფცია გამოიკვეთა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იქნება მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს იმაში, რომ, როგორც საპროექტო, ასევე შესრულების ნაწილში უზრუნველყოფილი იქნას მაღალი ხარისხი.

,,ჩვენი საპროექტო ჯგუფი მუშაობდა 2017-2018 თელავის გენ-გეგმაზე და ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალურ გეგმაზე. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გაანალიზებული იყო უამრავი ისტორიული თუ საარქივო მასალები. ყოველი ეტაპის ჩაბარებამდე გქვონდა შუალედური საჯარო განხილვები, ამის გარდა ძალიან ხშირი სამუშაო შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ექპერტებთან თუ სპეციალისტებთან. ძალიან მოცულობითი საველე და სამაგიდო სამუშაოები ჩატარდა. ამ ძალისხმევის და ჩართულობის შედეგი იყო ის რომ გენ-გეგმის ფარგლებში გამოიკვეთა ქალაქის ისტორიულ ნაწილში შვიდი ბორცვის, როგორც თელავის მნიშვნელოვანი ისტორიულ კულტურული მარშუტის განვითარების კონცეფცია.

აქედან დაიწყო შვიდ ბორცვზე, როგორც უკვე ცალკე დამოუკიდებლ პროექტზე საუბარი. ჩვენ დავასრულეთ და ჩავაბარეთ ქალაქ თელავის გენ გეგმა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გეგმა 2018 წლის დეკემბერში. ხოლო მოგვიანებით გამოცხადდა ტენდერი კონკრეტულად შვიდი ბორცვის, როგორც თელავის ახალი ისტორიულ კულტურული მარშუტის განვითარებაზე, რომელიც მოიგო სხვა კომპანიამ. შესაბამისად მათ უნდა შეემუშავებინათ დეტალური საპროექტო- სამშენებლო დოკუმენტაცია. ჩვენი კომუნიკაცია/თანამშრომლობა ამ კომპანიასთნ შემოიფარგლა იმით, რომ ჩვენ დეტალურად ავღწერეთ ამ მარშუტის მნიშვნელობა და ღირებულება, თუ რას წარმოადგენდა თვითოეული ბორცვი, სად უნდა გაევლო ამ მარშუტს და რაც მთავარია დავწერეთ რეკომენდაციები თუ რა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, უსაფრთხოებისთან, განაშენიანებულ გარემოსთან, არქეოლოგიურ, კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ამ რეკომენდაციების და ზოგადად გენგემისა და განაშენიანების დეტალური გეგმის გათვალისწინებით უნდა შემუშვებულიყო უკვე კონკრეტული არქიტექტურული პროექტები. 2019 შემდეგ ორი წელი გავიდა. ვინ დაასრულა საბოლოოდ პროექტი და რა სახით ჩაბარდა დამკვეთს, რა შეითანხმა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ჩემთვის ყველა ეს დეტალი უცნობია”,- აღნიშნავს ვახტანგ კასრელიშვილი.

იგი ასევე განმარტავს, რომ სამწუხაროდ, მათ შორის თელავში, გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები არა მხოლოდ ვერ გახდა ურბანული განახლების სამაგალითო ნიმუშები, არამედ პოლიტიკურადაც წამგებიანი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მისივე განმარტებით, თუ დაბალხარისხიანი სამუშაოები ჩატარდა, ცუდ შედეგამდე მივალთ.

,,თუ არქიტეტურულად უსახური, შეუსაბამო საპროექტო გადაწყვეტები და დაბალი ხარისხის სამშნებლო სამუშაოები ჩატარდება, მივალთ ცუდ შედეგებამდე. ხოლო თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები ყველა ეტაპზე ხარისხიანად განხორციელდება, მიღებულ იქნება სწორი საპროექტო გადაწყვეტები, პროექტში ჩართული ყველა უწყება, პირი, მათ შორის მოსახლეობა გაითავისებს ამ პროექტის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა ქალაქის მომავალი განვითარებისთვის ეს მარშრუტი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია თელავისთვის და თელაველებისთვის”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კასრელიშვილმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 6 მილიონი ლარია და შედეგად, თელავს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად განვითარებული მიმართულება ექნება, რაც მას ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

,,ბორცვებზე, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზეა განაწილებული, ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აგებული ციხე-გალავნებია განლაგებული. ქალაქის ამ შემაღლებული ადგილებიდან, ძირითადად XIX საუკუნეში განვითარებული საცხოვრებელი უბნებიდან, ალაზნის ველისა და კავკასიონის შორი ხედები იშლება. თელავის ისტორიული უბნები – ზუზუმბოს გორა, ძველი გალავანი, ღვთაების ბორცვი, ბატონის ციხე და ფიქრის გორა ნადიკვრის პარკის ტერიტორიით ერთმანეთისგან მცირე ხევებითაა გამოყოფილი. ვიზიტორთა ინტენსიური ზრდის მიუხედავად, დღეს ქალაქის ამ ნაწილში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით კი, ზუზუმბოს გორაზე მოეწყობა პარკინგი და ბილიკი, ზუზუმბოს და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი და ხიდამდე მისასვლელი გზა. ასევე ბილიკი მოეწყობა დაბახნევის ბორცვზე და გიგოს გორაზე, რეაბილიტირდება ერეკლე მეორის ქუჩა, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, ცენტრალური ქუჩა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფი. პროექტის დასრულების შედეგად თელავს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად განვითარებული მიმართულება ექნება, რაც მას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად აქცევს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია”,– აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.