ახალი ამბები

ლაგოდეხში ინფიცირებული პოლიციელის ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხში, სასაზღვრო პოლიციის კოვიდინფიცრებული თანამშრომლის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომლის ორ შვილს, მეუღლესა და ბაბუას.

COVID 19-ის პირველი შემთხვევა ლაგოდეხში 13 სექტემბერს გამოვლინდა. კოვიდინფიცრებულ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.

მამაკაცი აჭარიდან ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა. ის სამსახურში არ მისულა, რადგან ჯერ კიდევ გზაში ყოფნის დროს ჰქონდა სიცხე. ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მან ადგილობრივი ცხელების ცენტრს მიმართა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტორი: მაკა ხაზიური