ახალი ამბები

სოფელ კაბალში მარნეულში ადგილობრივების კონტაქტებს იკვლევენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, სოფელ კაბალში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმ ინფორმაციის მოსაძიებლად, ჰქონდათ თუ არა მარნეულთან კონტაქტი ადგილობრივებს.

პარალელურად კორონავირუსისგან თავის დასაცავად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მათ შორის კაბალშიც, მოსახლეობის აქტიური ინფორმირება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სოფელ კაბალში მერიის ინიციატივით, უბნებში სპეციალური მანქანებით და რუპორებით მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან.

,, კაბალში ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება როგორც სოციალური ქსელების, ასევე სოფლებში მერის წარმომადგენლების, დეპუტატების და სპეციალისტების დახმარებით.

რადგან ასეთი სიტუაციაა, კაბლის თემთან აქტიურად ვმუშაობთ. ამ წუთებში სოფელში დადიან სპეციალური მანქანები და ჩვენი ინიციატივით, რუპორებით ხდება მოსახლეობის ინფორმირება აზერბაიჯანულ ენაზე იმასთან დაკავშირებით, რომ დარჩნენ სახლში, დაიბანონ ხშირად ხელები და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ექიმს. მომავალში ვფიქრობთ სპეციალური ბუკლეტების დამზადებას და მოსახლეობაში დარიგებას”,– განუცხადა knews. Ge-ს კახა ჯამბურიამ.

მისი განმარტებით, ჰქონდა თუ არა მოსახლეობას კავშირი მარნეულთან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

,, სოფელში მუშაობენ სამართალდამცავები და მერიის წარმომადგენლები, რომ გავარკვიოთ ჰქონდათ თუ არა კავშირი მარნეულთან. წელს ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ბაირამობის დღესასწაულის არ ჩატარების  პრევენციიდან გამომდინარე.

ასევე აღარ ტარდება სოფელში ლოცვები და დაკეტილია მეჩეთები.

ახლანდელი მდგომარეობით, არცერთი მოქალაქე არ არის დადგენილი, რომელსაც შესაძლოა მარნეულთან ჰქონდეს კავშირი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინფორმირებას და ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს”, – განაცხადა ჯამბურიამ.