კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა თელავში კვლევის პრეზენტაცია გამართა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) თელავის ოფისში კვლევის „ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: საჭიროებების შეფასება” პრეზენტაცია გამართა. 
CRRC-ის კვლევების დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა, სიღრმისეულად აანალიზებს, თუ რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებ სუნიტ მუსლიმთა თემები წინ აღუდგნენ რადიკალიზაციას. დასტინ გილბრეტის განცხადებით, კვლევა ჩატარდა პანკისში, აჭარაში და სააქრთველოს სხვა რეგიონებში, სადაც წარმოდგენილია მუსლიმური თემები.
მისივე თქმით, მუშაობისას გამოიკვეთა ამ მიმართულებით არსებული ძირითადი მიგნებები და საჭიროებები, რომლებსაც შესაბამისმა უწყებებმა და სამსახურებმა მიერ დროულად უნდა მიაქციონ ყურადღება.
,,მოკვლევამ აჩვენა, რომ პანკისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია განათლების, ახალგაზრდების ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების საკითხები და სხვა. მნიშვნელოვანია პანკისში გაგრძელდეს ან/და გაფართოვდეს პროექტები, რომლებიც მიმართულია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერისკენ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში. ასევე დაინერგოს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება პანკისის ხეობის მაცხოვრებლებისთვის. მაგალითად, დაწესდეს სტიპენდიები ან შემუშავდეს რაიმე სხვა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, პანკისის მაცხოვრებლებს მიეცემათ არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების შესაძლებლობა; პანკისელი ახალგაზრდებისთვის შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გამოიყოს ფინანსური სახსრები, რათა მათ შეძლონ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა’’,- განაცხადა დასტინ გილბრეტმა.

კვლევაშია აღნიშნულია, რომ გასულ წლებში საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა გაემგზავრა სირიასა და ერაყში, სადაც ისინი ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტული ჯგუფებისა თუ სამხედრო დაჯგუფებებისთვის იბრძვიან. საქართველო კი ყოფილ საბჭოთა კავშირში რიგით მეორეა ერთ სულ მუსლიმ მოსახლეზე სირიასა და ერაყში წასულ მებრძოლთა ოდენობის მიხედვით. პანკისის ხეობისა და აჭარის ეკომიგრანტების თემების არაერთი წევრი შეეწირა სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებს. ორგანიზაციის წარმომადგენებმა შეხვედრაზე დამსწრე თვითმმართველობების წარმომადგენლებს შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს.
,,ჯიჰადისტურ ექსტრემიზმს სირიასა და ერაყში, ძირითადად, ორი თემის წარმომადგენლები შეეწირნენ. ეს თემებია პანკისის ხეობის სოფლები და აჭარელი ეკომიგრანტები. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს რადიკალიზაციის და მისდამი მედეგობის განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენას. არსებული საკითხების მოსაგვარებლად უნდა განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგს წაახალისებს. აუცილებელია, განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგს წაახალისებს; ახალგაზრდებზე მიმართულმა პროგრამებმა უნდა წაახალისოს ურთიერთობა სხვადასხვა ეთნიკურ (განსაკუთრებით პანკისის შემთხვევაში) და რელიგიურ ჯგუფს შორის. რეკომენდებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმუშაოს პოლიციის სამოქმედო სტრატეგიის შექმნაზე იმ თემებში, რომლებმაც თემის წევრები კონფლიქტებში დაკარგეს; პოლიციელების დასაქმებისას უპირატესობა მიანიჭოს თემის წევრებს; ჩაატაროს ტრენინგები პოლიციელებისთვის რელიგიურ მგრძნობელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ: აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. გამოიყოს დამატებით ფონდები პანკისში საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებისთვის; დაინერგოს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება პანკისის ხეობის მაცხოვრებლებისთვის, მაგალითად, დაწესდეს სტიპენდიები ან შემუშავდეს რაიმე სხვა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, პრივილეგირებულად, პანკისის მაცხოვრებლებს მიეცემათ არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების შესაძლებლობა; ან დაარსდეს პროფესიული სასწავლებელი თავად პანკისში, პანკისელი ახალგაზრდებისთვის შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გამოიყოს ფინანსები, რათა მათ შეძლონ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ახალგაზრდების სპორტში ჩართვაზე მიმართული ნაბიჯები კონცენტრირდეს სპორტის გუნდურ სახეობებზე. პანკისში უპირატესობა მიენიჭოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და სხვა’’, – აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *