ახალი ამბები

ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები -კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მივცემთ

დედოფლისწყაროში ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილ თანამშრომლებს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათი კუთვნილი დავალიანებებისა და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ასევე საზოგადოების სწორი და მიუკერძოებელი ინფორმირების საკითხს.

ამასთან დაკავშირებით, კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულ აქციების გამართვას გეგმავენ. მათი თქმით, სახელფასო დავალიანებების გასტუმრებამდე კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

,,გავმართეთ აქცია და მოვითხოვეთ ჩვენი ხელფასის ანაზღაურება. დავალიანებას თუ არ გაგვისტუმრებენ, აქციებს არ შევწყვეტთ”, -აცხადებენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები.

ნავთობმომპოვებელი კომპანიის თანამშრომლებმა ამერიკელი კონგრესმენების წერილების შინაარსიც გააპროტესტეს, სადაც კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაზეა საუბარი. როგორც ისინი აცხადებენ, ეს დეზინფორმაციაა და ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები კომპანიის 84 განთავისუფლებული თანამშრომელი თერთმეტთვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს. ადგილობრივების განმარტებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მათ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. საერთაშორისო არბიტრაჟში, დავა კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული აქვს სახელმწიფოსაც. “ფრონტერას” სრული დავალიანება ჯამში, მილიონ ლარამდე აღწევს.

“ფრონტერას” სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.