ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

 ყვარელში ევროკლუბი გაიხსნა

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ევროკლუბი გაიხსნა.

კლუბი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გახსნა. ყვარლის ევროკლუბი არის ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივა პროგრამა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ფარგლებში. 

იდეის ავტორის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩის, ნიკა გურინის თქმით, ევროკლუბი წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის თავშეყრის ადგილს რეგიონში, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ ცოდნა, იმუშაონ ერთობლივად, წაიკითხონ ახალი წიგნები, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს და განიხილონ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები. ევროკლუბში ჩატარდება შემეცნებითი ტრენინგები და სემინარები. 

,,ევროკლუბი იქნება ერთგვარი ჰაბი ახალგაზრდების განვითარებისა და განათლებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან და მიიღებენ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში”,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკა გურინმა.

ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰარცელის თქმით, ევროკლუბი ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ინფორმირებას ევროკავშირთან დაკავშირებით.

,,მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის გახსნას დავესწარი. ეს იყო ადგილობრივი ინიციატივა, ამ სკოლის კურსდამთავრებულის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკეთესია, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება ევროკავშირზე და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე,. ევროკლუბი იქნება ის ადგილი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა შეხვედრა, განხილვა და დისკუსია ამ საკითხებზე”,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.