ახალი ამბები

კახეთში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების არსებობა დასტურდება

კახეთის რეგიონში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების – ტრუფელისა და გულას არსებობა დასტურდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ ტრუფელის სახეობის სოკო ახმეტაში ნახა, ხოლო გულა – ლაგოდეხში.

,,ტრუფელის სახეობის სოკო კახეთშიც გვხვდება, ზოგი ადამიანი მას მოიპოვებს კიდეც. ყველაზე ძვირფასი სოკო დედამიწაზე, თეთრი ტრუფელი მე შემხვდა წელს ახმეტაში. მისი არსებობა საქართველოში არ იყო დადასტურებული. ხოლო გულა სოკო, რომლის ფოტომასალაც მაქვს, ვნახე ლაგოდეხში. ეს სოკოები სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მე ასევე ლაგოდეხში ვნახე ნიყვის სახეობის სოკო, რომელიც ასევე იშვიათია”,- განუცხადა “კახეთის ხმას” გიორგი სულამანიძემ.

მოსახლეობა სოკოების მრავალფეროვნებისა და მათი სასარგებლო თისებების შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს.

გარემოს დამცველების თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდი რაოდენობით სოკოა, მაგრამ ხალხი ამით არ არის დაინტერესებული, რადგან უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ ხის სოკოს და მიიჩნევენ, რომ ის უფრო საიმედო და უვნებელია.

 

ავტორი: მაკა ხაზიური